Wednesday, 13 February 2013

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)

3 (16) იანვარი წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს. სულ პატარას გარდაეცვალა მამა, სიმონ თაყაიშვილი, ხუთი წლისას კი - დედაც. სამიოდე წლისა ხიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა; წესიერი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა. შვიდი წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. ამ სკოლაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი დეკანოზი სიმონ ქიქოძე, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის წმიდა გაბრიელი ეპისკოპოსის ძმა. სიმონ ქიქოძემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ექვთიმეზე. იგი მოსწავლეებს უკითხავდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს, ასწავლიდა ლექსებს. ოზურგეთში სწავლისას დაუახლოვდნენ ერთმანეთს ექვთიმე თაყაიშვილი და შემდგომ ცნობილი მეცნიერი ნიკო მარი. ეს ნაცნობობა შემდეგ დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. ექვთიმე ოზურგეთიდან ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში. 1883 წ. გიმნაზიას ამთავრებს და პეტერბურგში მიემგზავრება უნივერსიტეტში სასწავლებლად. აქ ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მსმენელად ჩაირიცხა. 1887 წ. დაამთავრა უნივერსიტეტი და საქართველოსკენ გამოემართა. საქართველოში მასწავლებლობას იწყებს. ასწავლის ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას. 1887-94 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაშია. 1894-1904 წლებში განაგებს სათავადაზნაურო გიმნაზიას. ექვთიმე თაყაიშვილი მთელი გატაცებით აგროვებს საქართველოს სიძველეებს: ხელნაწერებს, არქეოლოგიურ მასალას, შინამრეწველობის ნიმუშებს. ცდილობს მათ მეცნიერეულ შესწავლა-დამუშავებას. დაუახლოვდა სახელგანთქმულ მეცნიერს დიმიტრი ბაქრაძეს და საბოლოოდ გადაწყვიტა ისტორიკოსობა - ეს კეთილშობილური, მაგრამ მძიმე საქმე. დიმიტრი ბაქრაძეს მაშინ დაუახლოვდა, როცა საქართველოს წარსულის ძეგლები მიმოფანტული იყო და განწირული დასაღუპავად. „იმხანად, - იგონებს ე. თაყაიშვილი, - უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა, შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის; ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად; რაც შეიძლება მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის...“ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი აქტიურად თანამშრომლობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ამ საზოგადოების გამგეობის წევრი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მთელი ძალით შეუდგა „საზოგადოებაში“ მუშაობას. მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში და ეხმარებოდა სკოლებსა და სამკითხველოებს; აგროვებდა ძვირფას წიგნებს, სხვადასხვა სახის სიძველეებს, სიგელ-გუჯრებსა და ისტორიულ საბუთებს. ექვთიმე თაყაიშვილმა 1907 წ. დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის თავმჯდომარეც იყო 1921 წლამდე (ემიგრაციაში წასვლამდე), ეწეოდა ფართო არქეოლოგიურ საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით გაითხარა წინაქრისტიანული ხანის სასაფლაო დებედის ხეობაში, სოფ. ვორნაკში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგორის განძის შეგროვაებასა და დაცვაში. კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამყიდველებს; მოახერხა განძის უმეტესი ნაწილის თავმოყრა და კავკასიის მუზეუმში დაბინავება. მეტად მნიშვნელოვანი იყო ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში. პირველი ექსპედიცია 1902 წ. მოეწყო. მასში მონაწილეობდნენ ხუროთმოძღვარი სვიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. შესწავლილი იქნა ახალციხისა და ახალქალაქის, აგრეთვე არტაანისა და ოლთისის ოლქების არქიტექტურული ძეგლები. 1907 წ. ექვთიმე თაყაიშვილმა გამოიკვლია არტაანის ოლქის კოლას რაიონის ეკლესია-მონასტრები და დაამთავრა ოლთისის ოლქის ეკლესია-მონასტრების შესწავლა. ექსპედიციაში მასთან ერთად იყვნენ ხუროთმოძღვარი ალექსანდრე კალგინი და ფოტოგრაფი ედუარდ ლიოზენი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1917 წ. მოწყობილ ექსპედიციას. მათ შეისწავლეს ხახულის, ოშკის, ექექისა და სხვ. ტაძრები, ოთხთა ეკლესია, თორთუმის ციხე და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა და გადმოიღო მრავალი ძვირფასი წარწერა. გაარკვია მანამდე უცნობი ზოგიერთი მონასტრის სახელი. შეისწავლა მოხატულობა, ჭედური ხატები, საეკლესიო ჭურჭელი, მინიატურები. ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. ყველა საორგანიზაციო საკითხი, უნივერსიტეტის წესდების შედგენიდან დაწყებული უმნიშვნელო წვრილმანებამდე, ექვთიმეს გარეშე არ წყდებოდა. იგი უნივერსიტეტის პირველი პროფესორი იყო. 1918 წ. 21 მაისს უნივერსიტეტის საბჭომ დირექტორის ხარისხი მიანიჭა. სიცოცხლის ბოლო წლებში 1921 წ. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის უმალ მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში - საფრანგეთში წავიდა. მთავრობამ გადაწყვიტა, არავისთვის დაენებებინა საქართველოს სამუზეუმო ნივთები, ძვირფასეულობა, ქართველი ხალხის ეს დიდი შემოქმედების ნაყოფი. განძეულობის მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა. განძეულობა გატანილი იქნა საფრანგეთში. 1921 წლიდან 1945 წლამდე ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა და ღირსებით ასრულებდა განძის მეთვალყურის მოვალეობას. მისი უდიდესი ნებისყოფისა და თავდაუზოგავი მცდელობის შედეგი იყო საქართველო საგანძურის დაცვა მეტად რთულ პირობებში. გაუძლო ინგლისისა და აშშ მუზეუმების შემოტევებს (მათ უნდოდათ განძის გარკვეული ნაწილი ეყიდათ. ინგლისის მუზეუმი სანაცვლოდ პირობას დებდა, დანარჩენი განძი უფასოდ შეენახა), გაუძლო მეორე მსოფლიო ომის საშინელ წლებს, როცა შეიძლებოდა გერმანელებს განძი ოკუპირებული საფრანგეთიდან წაეღოთ. ვერ გატეხა შიმშილმა, დამცირებამ, მეტად მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და 1945 წ. მთელი განძი უკლებლივ ჩამოიტანა საქართველოში. 1945 წელს სამშობლოში დაბრუნებული მხცოვანი მეცნიერი წერდა: „ორიოდე წლის სიცოცხლე დამრჩენია და, საბედნიეროდ, ისევ სამშობლოში მიწევს... მოვახმარ ჩემზე დარჩენილი ვალის ბოლომდე მოხდას: ვეცდები, აღარც ერთი ჩემი ხელთ ნამყოფი თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დარჩეს გამოუცემელი, მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი უკვე იმსხვერპლა დრომ“. დრო მიდიოდა... წლები თავისას აკეთებდა... ღრმად მოხუცებული ექვთიმე სულიერ განსაცდელშიც იყო. ხელისუფლებას ყოველი ემიგრანტის მიმართ, როგორც ჩანს, გარკვეული ეჭვები ჰქონდა. მოხუცი ერთგვარ იზოლაციაში მოექცა, მაგრამ მაინც გულგაუტეხლად აგრძელებდა თავის საქმიანობას - იხდიდა ვალს ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის თებერვალში გარდაიცვალა, განისვენებს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმიდანად შერაცხა და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმიდა ექვთიმეს სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 აინვარი. „საკითხავნი ყმაწვილთათვის“, ტ. 6, თბილისი, 2002 წ. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე

Tuesday, 12 February 2013

დიდი ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი, გურიის ერთ პატარა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს. ჯერ კიდევ სულ პატარას მშობლები დაეღუპა. ექვთიმე თაყაიშვილი სამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა, ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამო კოჭლად დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად “გამოჩენა” ერცხვინებოდათ… ექვთიმე ნიჭიერი და სწავლის მოყვარული ბავშვი იყო. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა. შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პეტერბურგიდან ექვთიმე კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში. თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის. 1889 წელს დააარსა “საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი”, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე. თავად ექვთიმე წერს : “საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე…. საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს. რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!.. არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!.. რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას”. ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდება “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების” დაარსება. ეს საზოგადოება მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში და აგროვებდა ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი მოგზაურობა “სამუსულმანო საქართველოში”. ექსპედიციამ უამრავ მასალას მოუყარა თავი: ეთნოგრაფიულ და საარქივო ნივთებს, ნაქსოვ-ნაქარგებს, ხელნაწერებს. ცალკე კოლექციას შეადგენდა ქართული ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები. 1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია “პარხლის სახარება”. ამას მოჰყვა შატბერდული “მოქცევაი ქართლისაის” ახლებური წაკითხვა, რკვევა და დათარიღება. 1890 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ერთად მოუყარა თავი და გამოაქვეყნა “სამი ისტორიული ქრონიკა”, სადაც წარმოდგენილია -”მოქცევაი ქართლისაი”, “სუმბატის ქრონიკა” და “მესხური მატიანე”. ამ გამოცემამ იგი ერთბაშად მაშინდელ დიდ სამამულო მოღვაწეთა გვერდით დააყენა. ექვთიმეს დღენიადაგი ოცნება იყო სამხრეთ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა საფუძვლიანი აღწერა და შესწავლა. ჯერ, 1902 წელს, ხუროთმოძღვარ სიმონ კლდიაშვილისა და ფოტოგრაფ ალექსანდრე მამუჩაიშვილის თანხლებით, იმოგზაურა და აღწერა ახალციხე-ახალქალაქისა და არტაან-ოლთისის ძეგლები. მეორე, უფრო სრული საფუძვლიანი ექსპედიცია ექვთიმემ მოაწყო 1907 წელს, ინჟინერ ანატოლი კალგინის, ფრანგი მასწავლებლისა და მოხალისე ფოტოგრაფის, ედუარდ ლიოზენის თანხლებით. მოიარეს კოლა, ოლთისი, ჩანგლი. მაშინ აღწერა ექვთიმემ ბანას დიდებული ტაძარი, ტაოსკარი, დადაშენი, ტახტორკანი, ჯიჯორი, ქუმურლუხი, კალმახი, ვაჩეძორი და მრავალი სხვა ძეგლი, ნაძეგლარი, ნანგრევი და ნამუსრევი. ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, მან ასევე უდიდესი როლი ითამაშა 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა ხელისუფლებამ დაიპყრო. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და თან წაიღო საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი თავის მეუღლესთან ერთად. „ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა ექვთიმე თაყაიშვილი. საფრთხე კი მრავალი იყო: ქართული საგანძურის შესყიდვა სურდათ ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს, გრაფ ოხოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი კი ამ საგანძურის ერთი ნაწილის მემკვიდრედ ასაღებდა თავს და სასამართლოშიც კი აღძრა საქმე განძის ხელში ჩასაგდებად. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა შეიტყვეს განძის შესახებ და ექვთიმეს ბინაც კი გაჩხრიკეს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ ფერაძისა და სხვა ქართველებისა თუ მათი უცხოელი მეგობრების წყალობით ქართველებმა განძი შეინარჩუნეს. ბოლოს კი საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქართული საგანძური მას ეკუთვნოდა იმ გადასახადის სანაცვლოდ, რომელიც ქართულმა ემიგრაციამ მატერიალური შეჭირვების გამო ვერ გადაიხადა, მაგრამ ამჯერადაც გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და განძი მითვისებას გადაურჩა. ამ დროს კი ასეთი განძის მფლობელი ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს ხშირად პურიც კი არ ჰქონდათ და მათ მეგობრები ინახავდნენ. ექვთიმეს ამ პერიოდში გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე და დიდი მეგობარი ნინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ სიკვდილის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატნია. ერთი უმცირესი ნივთიც რომ გაეყიდა, იგი უმდიდრესი კაცი გახდებოდა, მაგრამ არცერთი მისხალი არ მოუკლია ერის საგანძურისათვის. იგი ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს დაუბრუნებდა თავის საგანძურს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ის პირობები, როცა შესაძლებელი გახდა ოცნება რეალობად ქცეულიყო. საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც განძი ამერიკულ თვითმფრინავზე დატვირთეს და საქართველოში გადმოგზავნეს მცველების თანხლებით. თბილისში, აეროპორტში ქართული საზოგადოება ელოდებოდა. ექვთიმეს კი თვითმფრინავიდან ჩასვლა არ უნდოდა, როცა მიზეზი ჰკითხეს მორიდებულად უპასუხა, “ძალიან შელანძღული და დახეული პიჯაკი და ფეხსაცმელი მაცვია და მერიდებაო..”- არადა, ევროპაში მასთან ინახებოდა ქართული ოქრომჭედლობისა და სხვა უამრავი შედევრი, თუნდაც ერთი მათგანი რომ გაეყიდა ფუფუნებაში იცხოვრებდა… სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს, აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა – გაათავისუფლეს საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებს აუკრძალეს მასთან მისვლა. აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის მცველი, საქართველოსთვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მისი ნეშტი მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა ვაკის სასაფლაომდე. დაბადებიდან 100 წლის თავზე ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. საქართველოს ეკლესიამ კი იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი. გამოყენებული მასალა “წიგნი მოწამეთა” მოამზადა ნესტან ბლუაშვილმა
ექვთიმე თაყაიშვილი
საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი - ასე უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ ექვთიმე თაყაიშვილს და მართლაც, როდესაც აღფრთოვანებით ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საუნჯეზე, ბევრმა არ იცის, რომ ეს ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა. დაიბადა იგი 1863 წლის 3 იანვარს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, აზნაურის ოჯახში. ჯერ კიდევ სულ პატარას დაეღუპა მშობლები, თუმცა იმდენად ნიჭიერი იყო, რომ 1883 წელს წარმატებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსტიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1887 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით: ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას. მე-19 საუკუნის 90-იან წლებში შეაგროვა და მეცნიერულად დაამუშავა საქართველოს სიძველეები. რადგან ამგვარი საქმიანობა ბევრ დროს მოითხოვდა, 1904 წელს თავი დაანება ოფიციალურ სამსახურს და საარსებო წყარო რომ ჰქონოდა, გიმნაზიაში ისტორიას ასწავლიდა. 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარე თავად იყო. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლის მიზნით თურქეთში სამი ექსპედიცია მოაწყო, რომლის მიზანი ქართული მონასტრების შესწავლა და აღწერა იყო. ივანე ჯავახიშვილთან ერთად 1918 წლის 26 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი იყო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი და არქეოლოგიური კათედრის გამგე. მაგრამ 1921 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა კომუნისტური ხელისუფლების მიერ ანექსირებული საქართველო და წასულიყო ემიგრაციაში. დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე და ამავე დროს საქართველოს მუზეუმების ზედამხედველი, ექვთიმე ხაზინის ქონებასთან ერთად საფრანგეთში მეთვალყურეობდა საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ გატანილ სამუზეუმო განძეულს. განძეულის დაცვა მეტად რთული საქმე აღმოჩნდა. ჯერ იყო და საფრანგეთის მთავრობამ გააუქმა საქართველოს მენშევიკური მთავრობის ლეგიტიმურობა, შემდეგ სალომე დადიანმა (მენგრელსკაია-ობოლენსკაიამ), პარიზის სასამართლოში ორჯერ აღძრა საქმე ექვთიმე თაყაიშვილის წინააღმდეგ საგანძურის ვითომდა მისი კუთვნილი წილის ჩამორთმევის მიზნით. მეორე მსოფლიო ომის დროს კი, უკვე ნაცისტებმა მოინდომეს ვერსალის ბანკში დაცული საქართველოს განძის ხელში ჩაგდება. დრო არ ითმენდა, განძეულს ოკუპირებული პარიზიდან ვერ გაიტანდნენ, ამიტომ გადაწყდა, ძვირფასეულობა სარდაფში ჩაეტანათ და ყუთებისთვის ზემოდან სამშენებლო ნაგავი დაეყარათ. ომის პერიოდში მოხუცი პროფესორი არამარტო განძეულს მეთვალყურეობდა, არამედ შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას. ემიგრაციაში მყოფი ქართველი მეცნიერი გამუდმებით ცდილობდა განძეულის საქართველოში დაბრუნებას, წერდა წერილებს საბჭოთა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს, მაგრამ ამაოდ. ექვთიმე თაყაიშვილი თავის მოგონებებში წერს: „გერმანელების მიერ საფრანგეთის აღების შემდეგ მუდმივ შიშსა და ტერორში ვიყავი. აღარც საარსებო საშუალება მქონდა. ასეთი გაჭირვების მიუხედავად არამც თუ სახელმწიფო ნივთი, არამედ ჩემი საკუთარი ისტორიული ნივთებიც არ გამიყიდია.... თუმცა, მქონდა ისეთი ნუმიზმატიკური ერთეულები, რომ შემეძლო გავმდიდრებულიყავი... დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველი, რომელიც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა, გამოცხადებული მქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ ჩემთან უნდა მოეტანათ და თუ ვერ შევიძენდი, მფლობელს მხოლოდ მაშინ შეეძლო მისი უცხოელზე გაყიდვა.“ 1944 წლიდან საფრანგეთის დროებითი მთავრობის სათავეში დეგოლის მოსვლისთანავე აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის მთავრობებს შორის. საბჭოთა კავშირის ელჩს საფრანგეთში, ა. ბოგომოლოვს დავალებული ჰქონდა მოეგვარებინა სამუზეუმო განძეულის საქართველოში დაბრუნების საკითხი. 1944 წელს მოსკოვში ვიზიტამდე დეგოლმა სხვადასხვა არხით გაარკვია თუ რა ჩაეთვლებოდა სტალინთან შეხვედრისას დადებითად და მოსკოვში გამგზავრებამდე გასცა ბრძანება მოეხსნათ ყადაღა ქართული განძისთვის და დაებრუნებინათ იგი საქართველოსთვის. ექვთიმე თაყაიშვილის ჯანმრთელობამ ვეღარ გაუძლო ცივ და ნესტიან საცავში, ზოგჯერ ლუკმა-პურის გარეშე ხანგრძლივ მუშაობას და სწორედ ამ დროს ფილტვების ანთებით დაავადდა. მის დასახმარებლად საქართველოდან შალვა ამირანაშვილი ჩავიდა და განძის გასამგზავრებლად ჩალაგებაში დაეხმარა. ექვთიმე თაყაიშვილს ერთადერთი სათხოვარი ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებასთან: „შილიფად ვარ, და გთხოვთ სამოსი გამომიგზავნოთო“. ექვთიმემ თავის დროზე მოიგერია როგორც ამერიკის მუზეუმის, ისე ინგლისელთა შემოტევა განძის ნაწილის შეძენის შესახებ. გაუძლო ყოველგვარ და ყოველმხრივ ზეწოლას და ჯანმრთელობაშელახული, მხცოვანი მეცნიერი 1945 წლის 5 აპრილს თვითმფრინავით გამოემგზავრა საქართველოში უკლებლივ ყველა ექსპონატთან ერთად. თვითმფრინავი რომის, ბენ-ღაზის, კაიროს და თეირანის გავლით 11 აპრილს ჩამოფრინდა თბილისში. საზოგადოება დიდი პატივით, მოწიწებითა და მადლიერებით შეხვდა ეროვნული განძის მცველს. სამშობლოში დაბრუნებამ ოთხმოც წელს გადაცილებულ მეცნიერს ენერგია გაუორკეცა. საქართველოში გატარებული რვა წლის განმავლობაში ექვთიმემ იმდენი საქმის გაკეთება მოასწრო, რომ ერთი სოლიდური მეცნიერის სიცოცხლეს ეყოფოდა. ვერცერთი ქართველოლოგი ვერ აუვლის გვერდს მის ნაშრომებს საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, ნუმიზმატიკის, ფილოლოგიის, რუსთველოლოგიის, ფოლკლორისტიკისა და ლინგვისტიკის სფეროში. საბჭოთა ხელისუფლება შეაშფოთა ექვთიმეს ასეთმა პოპულარობამ. სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან შინაპატიმრობაში გაატარა. დააპატიმრეს მისი ერთადერთი ქალიშვილი. მასთან მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი თუ ბედავდა მისვლას. როდესაც ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა, მის სახლთან ჩეკისტები იდგნენ და ხალხს პანაშვიდზე შესვლას უშლიდნენ. პროფესორის დაკრძალვას 1953 წლის მარტის ცივ და ქარიან დღეს, ვაკის სასაფლაოზე 50-მდე ადამიანი დაესწრო. 1963 წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნეშტი ვაკიდან დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს, იქვე გადმოასვენეს მისი საფრანგეთში გარდაცვლილი მეუღლის, ნინო პოლტორაცკაიას ნეშტიც. დღეს მისი სახელი ჰქვია ერთ–ერთ ქუჩას ვაკეში, ვერის ბაღში დგას მოქანდაკე ბ. ავალიშვილის მიერ შესრულებული ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას სახელად „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“ უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში მისი სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი. წყარო: ყველანაირი მასალა ნებისმიერ თემაზე